სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ავიარეისები განხორციელდება?

სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ავიარეისები განხორციელდება?

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო რეისებისთვის აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე იქნა მიღებული, თუმცა ზუსტი თარიღი არ დასახელებულა. ე.წ მინისტრებმა მხარი დაუჭირეს აეროპორტისთვის ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსის მინიჭებას, რომელიც მათი თქმით საშუალებას მისცემს აეროდრომი გამოყენებული იქნას როგორც სამოქალაქო ავიაციის, ასევე სამხედრო, საგანგებო, სანიტარული და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ. აეროპორტის რეორგანიზაციის პროექტს რუსი ინვესტორი აფინანსებს.

ე.წ მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნა აეროპორტისთვის კოდის მინისჭების პროექტიც. საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთის ხელისუფლება შეთანხმდა რომ სოხუმის აეროპორტს მიენიჭება 4-ასოანი კოდი URAS. საიადანაც U- საერთოა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, R- ნიშნავს რომ აეროპორტი შედის როსტოვის საჰაერო ზონაში, A- აფხაზეთი და S- სოხუმი.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ცალსახად არის გადმოცემული, რატომ ვერ განხორციელდება სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა საქართველოს საავიაციო ხელისუფლების ნებართვის გარეშე.

განცხადების თანახმად, სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.