არ შეიძლება, პოლიტიკური გეგმები გამოაცხადო და ამ დროს, პასუხი არ გქონდეს გაცემული, ვის გამოუყავი 17 მილიონი დოლარი

არ შეიძლება, პოლიტიკური გეგმები გამოაცხადო და ამ დროს, პასუხი არ გქონდეს გაცემული, ვის გამოუყავი 17 მილიონი დოლარი

დანაშაულის ნიშნებზე გაცილებით ადრე დაიწყო საუბარი, ვიდრე მის პოლიტიკურ გეგმებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, ხაზარაძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ სექტემბერში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

ვოლსკის თქმით, არ შეიძლება, განაცხადო პოლიტიკურ გეგმებზე და ამ დროს, არ გქონდეს პასუხი 17 მილიონის გამოყოფაზე.

„არ შეიძლება, პოლიტიკური გეგმები გამოაცხადო და ამ დროს, პასუხი არ გქონდეს გაცემული, ვის გამოუყავი 17 მილიონი დოლარი. ეს არის და ეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას პარლამენტში, ვოლსკი ამბობს, რომ თუ საზოგადოებაში კითხვები დარჩება, ეს შესაძლებელია.

„თუ დარჩება კითხვები გამოძიებიდან, მით უმეტეს, თუ კითხვები დარჩება საზოგადოებაში, შეიძლება, შეიქმნას, მაგრამ როცა სასამართლოს თემაა, არ შეიძლება, პარლამენტმა შეცვალოს ან ჩაანაცვლოს პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.