გახარია, წადი და ივანიშვილო, ზედ მიყევი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მან 20 ივნისსა და მას შემდეგ განვითარებული მოვლენებზე ისაუბრა.
„როცა 20 ივნისის ტრაგედიის ისრების შებრუნება ხდება ოპოზიციისა და გაბრაზებული, თუნდაც ზღვარგადასული მოქალაქეებისკენ, ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს. „გავრილოვის ღამის" შემდეგ ხელისუფლების მხრიდან „კუდიანებზე ნადირობა", მითუმეტეს, იმ მუხლებით, რითაც ხორციელდება დაჭერები, მაშინ როდესაც გახარია თანამდებობაზეა და არაა პასუხისგებაში მიცემული , ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს.
მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" თავის მომხრეთათვის პოლიციასთან ურთიერთობის უდაბლესი სტანდარტი დააწესა და ეს ჩვენ ვნახეთ, ხოლო ოპონენტებისთვის - უმკაცრესი, ესეც თვალების თავიდან დათხრას ნიშნავს. მანამ, სანამ არ ვიცით, ვინ ესროლა მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს და სხვებს, მანამდე ყველაფერი ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს. ამიტომ, გახარია წადი და ივანიშვილო, ზედ მიყევი", - განაცხადა უგულავამ.