გია აბაშიძე: როგორც ჩანს, ოქრუაშვილმა ჩათვალა, რომ რ2-ის პროცესის გამოყენება შეეძლო სათავისოდ და ქვეყანაში დაბრუნდა ამ გათვლით

გია აბაშიძე: როგორც ჩანს, ოქრუაშვილმა ჩათვალა, რომ რ2-ის პროცესის გამოყენება შეეძლო სათავისოდ და ქვეყანაში დაბრუნდა ამ გათვლით

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტია “გამარჯვებული საქართველოსთვის” თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმიანება.

“ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება არც მოულოდნელი ყოფილა, არც გასაოცარი და არც დაუსაბუთებელი. ყველამ ვნახეთ, 20-21 ივნისის მოვლენების დროს, რომ ოქრუაშვილი ერთ-ერთი ლიდერი იყო. მათ შორის, ძალადობრივი პროცესის ლიდერიც და პირადადაც მონაწილეობდა პოლიციელებთან დაპირისპირებისა და პარლამენტში შეჭრის მცდელობაში. ოქრუაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ უკანონო, ანტიკონსტიტუციურ პროცესსა და ჯგუფურ ძალადობას აქეზებდა. თუმცა, ძალადობის შეწყვეტის არცერთი მოწოდება არ გაუკეთებია აქციაზე მყოფებთათვის. პირიქით, ახალისებდა მათ – ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში ძალაუფლებაო.

რა თქმა უნდა, ოქრუაშვილმა მშვენივრად იცის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და სწორედ ამიტომ დატოვა ქვეყანა ძალიან სწრაფად. მოგვიანებით, როცა რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოცხადდა, როგორც ჩანს, ოქრუაშვილმა ჩათვალა, რომ რ2-ის პროცესის გამოყენება შეეძლო სათავისოდ. ქვეყანაში დაბრუნდა იმ გათვლით, რომ რუსთავი2-ის ნამდვილი მფლობელობის გამოცხადებით ის იღებდა ერთგვარ იმუნიტეტს, რომ მას ვერ შეეხებოდნენ და პასუხისმგებლობას აცდებოდა. სხვა შემთხვევში კი მისი პასუხისმგებლობის დაყენებას სახელმწიფო ინსიტუტის შტურმისა და ძალადობისთვის, რუსთავი2-ს დაუკავშირებდა.

თუმცა, რა გათვლაც არ უნდა ჰქონოდა ოქრუაშვილს, მისდა სამწუხაროდ, მისი მოქმედებები ვიდეოკადრებითაა დოკუმენტირებული. ციფრული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ეპოქაში კი ძალიან რთულია ფაქტების დამალვა სცადო – ეს უბრალოდ არ მუშაობს.” – ამბობს გია აბაშიძე.