„სიცხე გაიზომოს უტიაშვილმა დიდი თერმომეტრით“

„სიცხე გაიზომოს უტიაშვილმა დიდი თერმომეტრით“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა შოთა უტიაშვილმა დღეს მის სახლთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს ხალხი, ტროლები ხელისუფლებამ, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელობამ გაუგზავნა".

უტიაშვილის ამ განცხადებას ტელევიზიის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე გამოეხმაურა.

„სიცხე გაიზომოს უტიაშვილმა დიდი თერმომეტრით. ეს სუბიექტი ცხოვრებაში ერთხელ მყავს ნანახი არცთუ სახარბიელო კონტექსტში და, სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ არც გამხსენებია. ხალხის მიგზავნა, ტროლები, ჟურნალისტების დევნა, ადამიანების თვალთვალი, ფარული ჩანაწერები, დასმენები და მოსმენები უტიაშვილმა მოიკითხოს საკუთარ გარემოცვაში და უბის წიგნაკში.

ადამიანები, რომლებიც ენაზე მომდგარი ყველა სიტყვის წამოყრანტალებას კადრულობენ, ერთობ სპეციფიური რეპუტაციით სარგებლობენ და მათ ნათქვამს მათივე რეპუტაციის ფასი აქვს", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.