თუ კოშაძეს 19 აგვისტომდე არ გაათავისუფლებენ, ივანიშვილს ძალიან მძიმე და ცხელი შემოდგომა ექნება

თუ კოშაძეს 19 აგვისტომდე არ გაათავისუფლებენ, ივანიშვილს ძალიან მძიმე და ცხელი შემოდგომა ექნება

„ჩემი ვარაუდით, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ დასჯის ღონისძიება. სხვა მხრივ, მე დარწმუნებული ვარ, ჩემზე ამით ზემოქმედებას ვერ მოახდენენ. ძალიან ბევრი ყოფილი სპეცრაზმელი მყავს მეგობარი, რომლებიც აქ ოფისში ტრიალებენ და მეხმარებიან გარკვეულ პარტიულ საქმიანობაში. რომელიმე მათგანი რომ დაეკავებინათ, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ კიდევ არ ვიქნებოდი იმდენად შეწუხებული, კობა კოშაძეს რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა პატარა შვილი, 2016 წელს, ჩემზე თავდასხმის დროს, დაიჭრა და მძიმე ოპერაციებიც აქვს გადატანილი. ერთი ოპერაცია უახლოეს თვეებში უნდა ჩავუტაროთ კიდევ. მათ იცოდნენ რა ტიპის „მაზოლზე“ უნდა დაეჭირათ ჩემთვის ფეხი. თუ კობა კოშაძეს არ გაათავისუფლებენ 19 აგვისტომდე, როდესაც მისი შვილის წლისთავია, ძალიან მძიმე და ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის დროს ის დაპატიმრებული იყო, ის გამართლებულია სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ და მის საქმეში არ არსებობს არანაირი ლაქა. მას იარაღი არ უტარებია და განსხვავებით წინა ხელისუფლების დროს ჩემი მეგობრების დაჭერის, როდესაც ე.წ. გრანატამიოტებს უდებდნენ ჩემს მეგობრებს, ახლა გადავიდნენ ჟანგიან „მაკაროვებზე“. როგორც ჩანს, ივანიშვილს ამაშიც არ უნდა ფულის დახარჯვა, რომ ცოტა უფრო ხარისხიანი იარაღი „ჩაუდოს“ ოპონენტებს“",- აღნიშნა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა.