ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ამ საკითხით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ.
“გუშინ ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობით ორ გადაცემას ვუყურე და კვლავ გამაოცა, გამაოცა თავისი უსაზღვრო ფანტაზიით და გარკვეულ წილად თვითაღიარებით, მის ყველა მარგალიტზე ვერ შევჩერდები, მაგრამ მინდა რამდენიმე გამოვყო.
თქვა, რომ ერთი მაღალჩინოსნისგან 600 ათასი აქვს წამოღებული, იმის სანაცვლოდ, რომ (გადამხდელს) ვარდების რევოლუციის შემდეგ საფრთხე არ შექმნოდა, მხოლოდ მე ვფიქრობ რომ ეს შანტაჟია? თვითონ არ აღიარებს, მაგრამ როცა ადამიანს ეუბნები, თუ კონკრეტულ თანხას არ მომცემ საფრთხე შეგექმნებაო ეს ნიშნავს, რომ შენ არ გაინტერესებს სამართალი და ადამიანს აშანტაჟებ.
ეს განცხადება გამოძიებისთვის საინტერესო უნდა იყოს! რატომ ჰქონდა საჯარო მოხელეს კაბინეტში 10 მილიონი ნაღდი ფული? რას ნიშნავს პოლიტიკური ჯარის შექმნის იდეა? ეს ყველაფერი საკმარისი საფუძველი უნდა იყოს რომ მას სამართალდამცველმა უწყებებმა კითხვები დაუსვან.
ჩემთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა ქარელის განცხადება, რომელიც ირწმუნება, რომ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ოქრუაშვილის მიერ არის გაყალბებული და მას იმ ადამიანების დასახელება შეუძლია, ვინც ხელმოწერის გაყალბებაში მონაწილეობდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქარელის განცხადება ფაქტებით მყარდება და თუ მისი ნათქვამი დადასტურდა, ოქრუაშვილის საბუთების გაყალბების და თაღლითობისთვის უნდა იყოს გასამართლებული.
მოკლედ, ირაკლიმ ჩვენს ფსიქიატრებს და გამომძიებლებს ბევრი საქმე გაუჩინა, რადგან ის ორივე დარგის წარმომადგენლებისთვის საინტერესო ექსპონატია.
P.S – ოქრუაშვილი არის წარსულის ტიპიური პოლიტიკოსი, რომლისთვის უცხოა პრინციპი, მორალი, სხვისი პატივისცემა და ა.შ. მისთვის მთავარია ძალაუფლება Hქონდეს, სანაცვლოდ კი ყველაფერზე არის წამსვლელი. რისი დასტურიც მისი განცხადებები და პოლიტიკური საქმიანობაა” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.