ხაზარაძის ვატერლოო?! - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე:
მიმაჩნია, რომ დღეს ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ ბრალდებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყებების მხრიდან მიღებული იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილება - ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ბრალი წარედგინათ. როგორც ჩანს, რამდენიმე თვის განმავლობაში პროკურატურამ საფუძვლიანად იმუშავა ამ რეზონანსულ საქმეზე. ამ ხნის განმავლობაში კი ნათელი გახდა, რომ ამ საქმეს არა აქვს კავშირი არც „თიბისი“ ბანკთან და არც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ბანკი დღემდე აგრძელებს შეუფერხებელ და წარმატებულ საქმიანობას, ხოლო ანაკლიის პორტის აშენებაზე მთავრობას არაერთხელ აქვს მტკიცე ნება გამოხატული და ამ თემაზე ამჯერად აღარ შევჩერდები.
მე სხვა დროსაც აღვნიშნე, რომ ფულის სესხებით ამ თანხის ბანკის კაპიტალში შეტანა, არ არის დანაშაული, მაგრამ სესხის გაცემის და შემდეგ მისი ჩამოწერის ბანკის მხრიდან განხორციელებული პროცედურა, არის საზედამხედველო მარეგულირებელი ნორმების დარღვევა და ადმინისტრაციული დანაშაული, რასაც „თი ბი სი“ ბანკიც დაეთანხმა და გადაიხადა ჯარიმა მილიონის სახით, რაც შემდგომში ასევე დაადასტურა „თიბისის” აუდიტორულ შეფასებასთან დაკავშირებით, დიდი ოთხეულის წევრმა PWC (პრაის უოთერ ჰაუს კუპერსი). კერძოდ, კომპანია დეტალურად გაეცნო რა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს “თიბისი ბანკის” შესახებ მიღებულ დასკვნას, რომელიც 2008 წლის განმავლობაში განხორციელებულ ტრანზაქციებს და ბანკის დაჯარიმებას ეხება დაასკვნა, რომ აღნიშნული ჯარიმა სწორად იყო აღრიცხული;
ამ საქმის პოლიტიკური მდგენელი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ საკითხის განხილვისას ოპოზიციური სპექტრის და თავად ბანკის ყოფილი მთავარი აქციონერების მხრიდან რატომღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე ხდებოდა ხაზგასმა და არც თუ შემთხვევით შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა იმ ფაქტს, რომ ამ ოპერაციის კვლავ საეჭვოდ „გაცოცხლება“ და ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმება მოხდა ხუთი წლის შემდეგ, 2012 წელს ბანკის დირექტორატის წევრის მონაწილეობით, როდესაც ამ თავის მხრივ წარმოეშვა ბანკის აღნიშნული აქციონერებისაგან თანხის მოთხოვნის უფლება და, ბუნებრივია, დამატებითი კითხვებიც აქ ჩნდებოდა. რადგან ღიად რჩებოდა პასუხი მთავარ კითხვაზე - ამ ოფშორულ კომპანიას ეს სესხი ჩამოწერილი ჰქონდა თუ არა?! ასევე გამოჩნნდა, რომ ანაკლიის თემაც და ცნობილი „მუქარის წერილიც“, რომლის ექსპერტიზის პასუხიც დღემდე არ გვინახავს, ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობა უფრო იყო, როგორც ხელისუფლებასთან ვაჭრობა და შანტაჟი, დროის დეფიციტის შესაქმნელად და ამ თემის გადაფარვისათვის;
რაც შეეხება ბრალდებას. ბრალდება ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა წაყენებული, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ეს არის საკმაოდ მძიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აქვთ ყველა შესაძლებლობა დაიქირავონ მაღალი დონის ადვოკატები და დაიცვან თავის უფლებები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სასამართლოში. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, რომ ქართული მართლმსაჯულება თავისუფლად იძლევა საკუთარი პოზიციების წარმოჩენის და დაცვის საშუალებას. ახლა გამოჩნდება, გახდება თუ არა ეს პროცესი ამბიციური ქართველი ბიზნესმენის ვატერლოო?!