შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ოთო კახიძემ და რომან გოცირიძემ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
„შოთა უტიაშვილის ფეისბუქ პოსტზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, - უთხრა „პირველს“ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ.
"არ მინახავს, უნდა ვნახო, არ მინდა კომენტარი", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.
რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, აგვისტოს ომში მიღებული ჭრილობების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭა ორ პირს, რომლებზეც გაიცემა სახელმწიფო გასაცემელი.
IDFI-ის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა.
დღეის მდგომარეობით შექმნილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე.
ამის პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.