„რუსთავი2“-ის საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას მანამდე დაიცავს, სანამ პაატა სალია მათ გათავისუფლების ბრძანებას ხელს არ მოაწერს.
“აქამდე ქართულ საზოგადოებას აქვს ნანახი ბევრი სერია, როგორ ახდენდა სხვადასხვა ხელისუფლება მისი სატელიტების საშუალებით ტელევიზიების ოკუპაციას. ახლა თქვენ პირველად ნახავთ სერიას, როდესაც ტელევიზიაში მყოფი ადამიანები აჩვენებენ პრეცედენტს, როგორ დაიცავენ ამ ოკუპაციის მიუხედავად, სარედაქციო დამოუკიდებლობას და როგორ ვერ იფრენენ პეპლები ეთერში … ბოლო წუთამდე, ვიდრე პაატა სალია არ დაწერს ბრძანებებს და არ გვეტყვის, რომ ჩვენ ვართ გათავისუფლებული და რომ გაგვათავისუფლებს, მერე რა თქმა უნდა, სასამართლოში უნდა დაადასტუროს ეს ყველაფერი და სასამართლოს გზით ვიდავებთ მათთან. საერთაშორისო გამჭვირვალობამ და საიამ უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მათი იურისტები იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები სასამართლოებში“, - წერს მელაძე.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა. „რუსთავი 2“ საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს. ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით კი, ტელეკომპანიას მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს.