საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკის განცახდებით, მისი სურვილია კრიტიკული მედია იხილოს.
"არ მაინტერესებს ვისია "რუსთავი 2"- ქიბარ ხალვაშის, ყარამანაშვილების, თუ ნაყოფიასი. მინდა ვიხილო, როგორც მაყურებელმა, კრიტიკული მედია, რომელიც არის ინტენსიურად ინფორმაციის მიმწოდებელი საზოგადოებისათვის, მათ შორის, ძალიან კრიტიკულ თემებზე, მაგრამ შანტაჟისტი, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც იმისი მინდა, ვინც დაგისახელეთ, არც მეორესი და არც მესამესი"- თქვა ვოლსკიმ.
რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო შეცვლას, დეპუტატის თქმით, ბულინგი, შანტაჟი, შავი პიარი და მცდელობა, რომ ტყუილებით დააზარალონ პოლიტიკური ოპონენტი, არის ხელწერა, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში თვალში საცემი გახდა".
„ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, რაღაც ანონიმურ წერილზე თუ წყაროზე დაყრდნობით, რომ მე და ჩემი კოლეგები შავ ფულს ვიღებთ ბიძინა ივანიშვილისგან, რაღაც მორჩილების თუ მესიჯების გამეორების სანაცვლოდ, რაც არის სიბინძურე, გარდა იმისა, რომ არ არის სიმართლე.
ასეთივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ "რუსთავი 2"-ის გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით ატარებს სატანისტურ შეკრებებს და შავი კატის წინაშე იფიცებს, რომ ერთმანეთს არ უღალატებენ და ბოლომდე დადგებიან ამ ბრძოლაში. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა, გავავრცელო, რომ მქონდეს შესაბამისი მედიასაშუალება, როგორც ეს "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია" - განაცხადა გია ვოლსკიმ.