რას ამბობენ საპატრიარქოში ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე?

რას ამბობენ საპატრიარქოში ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე?

ვლადიმერ პუტინის განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისთვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ საქართველოში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

„ა.წ. 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისთვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, რათა, როგორც ჩვენი ქვეყნის ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე. ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე.

საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი", - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

Maverick ღმერთმა ხელი მოგვიმართოს.
დროული, მეცნიერულად დასაბუთებული და საქმიანი პასუხი იქნება რუსული დერჟიმორდული ისტორიულად ყალბი განცხადების საწინააღმდეგოდ...
4 წლის უკან