მიხეილ ყაველაშვილი:  გუშინდელის შემდეგ საზოგადოებას გაუმყარდება აზრი, რომ გვყავს ძლიერი შს მინისტრი, რომელიც უწყების გაძლიერებას ცდილობს 

მიხეილ ყაველაშვილი:  გუშინდელის შემდეგ საზოგადოებას გაუმყარდება აზრი, რომ გვყავს ძლიერი შს მინისტრი, რომელიც უწყების გაძლიერებას ცდილობს 

გუშინდელი ეთერის შემდეგ, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმყარდება აზრი, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი, რომელიც ისეთი ინსტიტუტის გაძლიერებას ცდილობს, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა „ტვ პირველის" შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინტერვიუ შეაფასა.

„20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის შენობიდან ვაკვირდებოდი და ჩემი თვალით ვნახე, რა ხდებოდა. გუშინ ინტერვიუს მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სახეზე იყო საშიშროება, რომელიც სახელმწიფოს ელოდა მაშინ, როდესაც ყოვლად უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა მოინდომეს მშვიდობიანი მიტინგის ძალისმიერი პროცესებში გადაყვანა. აღნიშნულ ქმედებებს, პირველ რიგში, პოლიციელებზე შტურმი და პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობები მოჰყვა. აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომელიც განვითარებული მოვლენების შემდეგ დაისვა – რა მოხდებოდა თუ კი ხალხი, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრებოდა. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ წლების წინ, სწორედ მსგავს ქმედებებს სამოქალაქო ომი, ქვეყნისა და მისი ინსტიტუციების ჩამოშლა მოჰყვა", – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მომხდარ მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია ექნება. ამასთან, მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ 20 ივნისის ღამეს პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროპორციული ძალის გამოყენებას.

„სამწუხაროდ, მიტინგის დაშლის პროცესში დაზიანებები მიიღეს როგორც აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციის თანამშრომლებმა და ყველა ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. დარწმუნებული ვარ, გუშინდელი ეთერის შემდეგ, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმყარდება აზრი, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი, რომელიც ისეთი ინსტიტუტის გაძლიერებას ცდილობს, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა", – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიხეილ ყაველაშვილმა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზა აქვს არჩეული, შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს მისი ინსტიტუციებიც. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის უწყება, რომელიც მუდმივი რეფორმირების პროცესშია და ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელი, გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლების დროს არაერთხელ საუბრობს.