მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულების იმპლემენტაცია მოხდა, საქართველოს წინაშე ახალი ამოცანები დგას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ჭრილში საქართველოს მეტის გაკეთება შეუძლია და ამისთვის მზად არის, თუმცა პარტნიორების მხარდაჭერაა საჭირო.
„მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულება სრულად შევიდა ძალაში, შემდგომ ვიზალიბერალიზაციისა და ასევე ყოვლისმომცველი და სიღრმისეული ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, ჩვენ გვაქვს ის მომენტი, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. გვესმის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ჭრილში მეტის გაკეთება შეგვიძლია. მზად ვართ, მეტი გავაკეთოთ, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ეტაპი, რომელიც საქართველოს აძლევს საშუალებას, დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ოჯახს. ადამიანთა შორის და კულტურული ურთიერთობები ამ მიმართულებით გაძლიერდება, გაფართოვდება და აყვავდება. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, რადგანაც გაგვაჩნია საერთო ევროპული იდენტურობა. საქართველოს კულტურას გააჩნია უმთავრესი როლი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში, როგორც კულტურული და საერთო ღირებულებების მიმართულება, რომელიც გახლავთ მთავარი კატალიზატორი და პასუხობს კითხვაზე, თუ რატომ არის საქართველო ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ გვესმის, რომ მეტი უნდა გაკეთდეს და მზად ვართ, მაღალ დონეზე გავიდეთ. დავისახოთ სერიოზული, ძალიან მაღალი ეტაპები, როგორც მთავრობამ, ასევე ქვეყანამ. ეს გახლავთ მიზანი ჩვენი ცალმხრივი დოკუმენტის, რომელსაც ჰქვია საგზაო რუკა ევროპისთვის. აღნიშნული მომენტის შენარჩუნება უმთავრესია ჩვენთვის. ასევე, დამატებითი მიმართულებები უნდა გამოვიკვლიოთ ევროკავშირ-საქართველოს ინტეგრირებაში, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა იმპლემენტაცია საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულების, ახალი ამოცანები დგას საქართველოს წინაშე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს და განსაზღვრავს ფორმებს მომავალი ურთიერთობის. საქართველოს გააჩნია ნათელი ხედვა, რომ ევროკავშირის პარტნიორობა შესაძლებლობებზე და სურვილზეა დამყარებული თვით პარტნიორებისგან. ასევე დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ საშუალება გაგვაჩნია და სურვილიც გვაქვს, ინტეგრაციის პროცესებით მოძრაობისა და ამ გზაზე გვჭირდება თქვენი დახმარება, წვდომა ფინანსური ინტრუმენტებისა, რომლებიც საკმარის პირობებს უზრუნველყოფს რეფორმებისთვის, რომელსაც ტრანსფორმაციის ზეგავლენა ექნება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხზე. ჩვენი მთლიანი მრავალსაუკუნოვანი ისტორია თავისუფლების დაცვას გულისხმობს, ერთიან ღირებულებებს, იდენტურობას. კულტურა და ეროვნული დნმ, რომელიც გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტის მოპოვებისკენ ვისწრაფოთ. რაც მთავარია, არასდროს გვაძლევს საშუალებას, მომავალი განისაზღვროს. ამიტომ, ჩვენ ვდგავართ გვერდიგვერდ ჩვენს აღმოსავლეთ მოკავშირეებთან და ვიბრძვით უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.