საქართველოს ისტორიას ვერავინ გადაწერს, ვერ გადაწერს ვერც რუსეთის პრეზიდენტი, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია ერთ დღეს აუცილებლად დასრულდება.
„საქართველოს ისტორიას ვერავინ შეცვლის და ვერ გადაწერს, ის უკვე დაწერილია. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი საზღვრები საერთაშორისო სამართლის პრინციპებით საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვერანაირი განცხადებები საქართველოს საზღვრებს ვერ შეცვლის და მითუმეტეს, ვერ შეცვლის საქართველოს ისტორიას. ოკუპაციასთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია არის პრინციპული, როგორც წლების განმავლობაში იყო. საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ არის ოკუპირებული და ეს ერთ დღეს აუცილებლად დასრულდება. ამისთვის გვჭირდება ეკონომიკური განვითარება, განათლების სისტემის რეფორმა, უსაფრთხოების განმტკიცება, ჩვენს პარტნიორებთან მტკიცე თანამშრომლობა და დასავლურ ოჯახში ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხედვა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა.
ვხედავ, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას განსხვავებული მოსაზრებები აქვს თუ როგორ უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო მომავალში, მაგრამ ვხედავთ ასევე, რომ მათ წარმოდგენებს სრულიად საპირისპირო შედეგები მოჰყვება ხოლმე, როდესაც ისინი ღიად იწყებენ ამ მოქმედებების განხორციელებას. ყველას მართებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს იმ საკითხებს, რომელიც არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საგანი, აქ საჭიროა პრაგმატული და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება და სწორი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.