“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს “ფეისბუქის” პირად გვერდის მეშვეობით კითხით მიმართავს – თუ რატომ არ არის “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაპატიმრებული.
“თადუმაძე აუუუ! არსებობთ როგორც პროკურორი საერთოდ ქვეყანაში? სად ბრძანდებით? რატომ არ არის აქამდე დაპატიმრებული გაბუნია? ამ საქმეში მხოლოდ პუტინის გინების პრობლემაა? ჩვენ, საზოგადოებას შეურაცხყოფა არ მოგვაყენეს?! თუ ბელადის ბრძანებას ელოდებით?!” – წერს ადა მარშანია სოციალურ ქსელში.
7 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინსა და მისი გარდაცვლილ მშობლების საფლავებს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდეგ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს.
მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დილითვე განაახლა.