20 ივნისის ღამის აქციაზე მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ პოლიციელებიც. აი, რას წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოლიციელის დედა ნინო ჯანხოთელი:
"როცა 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, ჩემი ერთადერთი, ობლობაში გაზრდილი შვილი, ჯერ კიდევ პატარა, სულ რაღაც 18 წლის, წვევამდელი იყო და ქართლში მსახურობდა. საშინლად დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა მექნა, ამბავს ვერ ვიგებდი, ისიც ვერ გავარკვიე, იბრძოდა თუ თადარიგში იყო. საბედნიეროდ, უფალმა ჩემსავით შეჭირვებულ დედებს შემახვედრა. ათი დღის მანძილზე თითქმის სულ ერთად ვიყავით, ერთმანეთს ვანუგეშებდით. გადავწყვიტეთ, უმძიმესი ლოდები შეგვება გულზე და მანამ გვეტარებინა, სანამ შვილები ცოცხლები არ დაგვიბრუნდებოდნენ. თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მძიმე ლოდის ზიდვას შევძლებდით. თქვენ წარმოიდგინეთ, ათივეს შვილები ცოცხლები დაგვიბრუნდა. დაჭრილებიც არ ყოფილან. მერე ჰყვებოდნენ, სასწაულს გადაურჩენია ისინი. სხვების არ ვიცი, მე კი ჩემი სასწაულის მომხდენი დიდი ქვა სათუთად შევინახე და უფალს ყოველდღე ვმადლობდი...
ამის შემდეგ ათი წელი გავიდა. ჩემი დედისერთა კაცია უკვე, თბილისში პოლიციაში მუშაობს. ცოლ-შვილიც ჰყავს... წუხელ ტელევიზორს ვუყურებდი, დავინახე, კორდონში იდგა. მიტინგზე გამოსულ ხალხს წყალს ურიგებდა, ისიც დავინახე, ვიღაცამ აგრესიულად ცემა რომ დაუწყო არმატურის მსგავსი საგნით. გული შემეკუმშა, შევშინდი, ჩემი ომს გადარჩენილი, ვაჟკაცად გაზრდილი შვილი ვინმემ არ მომიკლას-მეთქი. სასწრაფოდ გამოვიღე ჩემი ლოდი, ისევ დავიკიდე გულზე და უფალს ვედრება დავუწყე, ამჯერად გავეშებულ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოძმეს არ მოეკლა იგი. ტელევიზორთან ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ ურტყამდნენ წიხლებს ჩემს ვაჟკაცს, როგორ შეეკრა სუნთქვა, როგორ მოხადა ჩაფხუტი ვიღაც მადლიანმა, როგორ მოითქვა სული. საბედნიეროდ, ამჟამადაც გადამარჩინა უფალმა და ჩემმა ლოდმა. ახლა საავადმყოფოში სასთუმალთან ვუზივარ ჩემს თავგატეხილ და თვალებდალილავებულ შვილს, ცალი ხელით მას ვეფერები, მეორით გულზე დაკიდებულ ლოდს", - წერს პოლიციელის დედა ნინო ჯანხოთელი.