ყოფილი ვიცე - პრემიერი თემურ ბასილია სოციალურ ქსელში რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებ ას ეხმაურება:
ოფიციალური მონაცემებით 2017 წელს საქართველოში მყოფმა ტურისტებმა დახარჯეს 5.8 მილიარდი ლარი, საიდანაც 1.2 მილიარდი ლარი რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე მოდის, რაც საერთო დანახარჯების 20%-ია. 2018 წელს მთლიანად ტურისტების საერთო დანახარჯებმა 7.9 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე 1.9 მილიარდი ლარი მოდის, რაც საერთო დანახარჯების 24.1%-ია.
ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს ტურისტულ სექტორზე მიყენებული ზიანის მაქსიმალური ზღვარი 2 მილიარდ ლარამდე შეიძლება იყოს, რაც ამ სექტორის საერთო შემოსავლების 25%-ია.
რა თქმა უნდა, რეალობაში ეს ციფრი გაცილებით ნაკლები იქნება, რადგან რუსეთიდან ტურისტების 2/3-ზე მეტი არა ტურ-ოპერატორების მეშვეობით, არამედ, ინდივიდუალურად შემოდიან. ამიტომაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტურისტების გარკვეული რაოდენობა მაინც ჩამოვა საქართველოში ინდივიდუალურად. აქედან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში მოსალოდნელი ზიანი დაახლოებით 650-700 მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს; ეს კი, ტურიზმის საერთო შემოსავლების დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი კრიზისი ამავე დროს არის გამოწვევა, რომ გავხსნათ ახალი შესაძლებლობები. მაგალითად, ასე მოხდა 2008 წლის შემდეგ ღვინის სექტორში და დღეს, ქართული ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ მოხდება ახლაც. აშკარაა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო უნდა ველოდოთ კონკურენციის ზრდას საქართველოს ტურიზმის სექტორში, რამაც კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი და შეამციროს ფასები. ეს კი, საბოლოოდ სასარგებლო იქნება მომხმარებლისთვის, პირველ რიგში, ქართველი მომხმარებლისთვის - წერს თემურ ბასილია.