იმ დროის კადრები ახლანდელს რომ შევადაროთ, სისასტიკეს შორის გიგანტურ განსხვავებას დავინახავთ. მაშინ დემონსტრანტებს რეზინისა და პლასტიკურ ტყვიებს თავში არავინ ესროდა. არავინ წამლავდა გაზით ისე, როგორც ახლა მოხდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ განუცხადა.
ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, „კომერსანტის“ ჟურნალისტმა ვაშაძეს უთხრა, რომ საპროტესტო აქციის დაშლამ მას საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია გაახსენა. ჟურნალისტის თქმით, ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები ხალხს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი დემონსტრაციების დაშლის კადრებით აშინებდნენ იმის დასადასტურებლად, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილი და ძველი დრო დაბრუნდებოდა.
რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას გრიგოლ ვაშაძემგანაცხადა, რომ ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს ქმედუუნარო ხელისუფლება ჰყავს.
„ჯერ შეეცადნენ ოპოზიცისთვის დაებრალებინათ ყველაფერი, შემდეგ კი რუსეთისთვის. შეეცადნენ, რამენაირად დაეღწიათ თავი ამ სირცხვილისთვის, რომელშიც თავისი არაპროფესიონალიზმისა და იდიოტიზმის გამო აღმოჩნდნენ. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც ქმედუუნარო მთავრობა გყავს. ყველა შეცდომა კატასტროფით მთავრდება. რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ნათელი მაგალითია ქმედუუნარო მთავრობისა, რომელსაც არ შეუძლია თავისი ნაბიჯების შედეგების გათვლა“, – განაცხადა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში რუს ტურისტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.