სერგეი გავრილოვის პირველი კომენტარი მოსკოვში ჩასვლისას

სერგეი გავრილოვის პირველი კომენტარი მოსკოვში ჩასვლისას

„მე მიყვარს საქართველო, ქართველო ხალხი და ქართული კულტურა“, – ამის შესახებ მოსკოვში ჩასვლის შემდეგ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა.

„ბაბუაჩემი საქართველოშია დაკრძალული და ამ პროვოკაციის გამო მისი საფლავის მონახულება ვერ მოვახერხე. მე ძველებურად მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების გამოსწორება“, – ამბობს გავრილოვი.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში გუშინ დელეგაცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრა. სერგეი გავრილოვმა სხდომის წასაყვანად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. ეს მოქმედება პარლამენტში მწვავედ გააპროტესტეს. ამ ფაქტს საყოველთაო პროტესტიც მოჰყვა, რაც პარლამენტთან მრავალათასიან მიტინგში გადაიზარდა.

რუსულ დელეგაციას ვიზიტის შეწყვეტა და სამშობლოში დროზე ადრე გაფრენა მოუხდათ.

მომიტინგეებმა მომხდარის გამო პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა მოითხოვეს.

მოგვიანებით, მათ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა სცადეს, რაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით აღკვეთა.