მწერალი ალექსანდრე ლორდქიფანიძე ამბობს, რომ ჯანსაღი პროტესტი პოლიტიკურ პროცესად გადაიქცა და აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილის იმედგაცრუება გამოიწვია.
„დღეს რაც მოხდა, არის ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო შემთხვევა. სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელვა. ამას მოჰყვა ძალიან კარგი, ადეკვატური და ჯანსაღი პროტესტი საზოგადოებისგან. დაიგეგმა აქცია.
როგორ დაიწყო პროტესტი: პარლამენტთან შეიკრიბა საკმაოდ ბევრი ადამიანი, განსხვავებული შეხედულებებით, მაგრამ შეთანხმებული ერთში: რუსეთი ოკუპანტია, გავრილოვის შემთხვევა სირცხვილია, ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს.
როგორ გაგრძელდებოდა აქცია იმ ხალხის ხელში, ვინც მე ვიგულისხმე შესაბამისი ჯგუფების მიღმა: აქტიური განცხადებებით, კრეატიული ტრანსფარანტებით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობით, უწყვეტი წნეხით ხელისუფლებაზე, ძლიერი მედიაზეწოლით და ა.შ.
როგორ გაგრძელდა: დაყარა მიშამ დორბლები, სკივრებიდან ამოყვეს თავები ვიღაცებმა და დაიწყეს 2003 წლის სცენარზე ჩალიჩი გულწრფელი ახალგაზრდების რესურსის ხარჯზე. მაგრამ 2003 წელი აღარაა, ოქრუაშვილიც აღარაა ავტორიტეტი და ეს სცენარი არ გამოვიდა. შესაბამისად გამოიწვიეს ის, რომ ადეკვატური საზოგადოება დაიბნა. აქცია დაიქსაქსა და მთავრობას გული მიეცა“,- წერს ლორთქიფანიძე.
თბილისში დიდი საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. სესიას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი გაუძღვა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა.