მსახიობი, ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას სკამზე მტრის დაჯდომა ჩვენი პოლიტიკური რეალობის ტრაგიზმია!”
“ეს არის მსოფლიო სკანდალი! მაგრამ ჩვენთვის გაცილებით მძიმე, ვიდრე სკანდალი! ზვიად გამსახურდიას სკამზე მტრის დაჯდომა ჩვენი პოლიტიკური რეალობის ტრაგიზმია!” – წერს გასვიანი სოციალურ ქსელში.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.
ამასთან, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს განაცხადა: „ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას, მღელვარებას, დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას“.