საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. სესიას რუსეთის დუმის დეპუტატი "კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვი გაუძღვა, რომელმაც დელეგატებს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, - როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადეობის დიდი ნაწილი აღაშფოთა.
„ეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ნეგატიურად აისახება. ყოველგვარი შეუთანხმებელი და გაუგებარი ნაბიჯები მხოლოდ ვნებებს ძაბავს. მომავალში მსგავს ღონისძიებებს სერიოზული დაფიქრება, განსჯა და ექსპერტებთან შეთანხმება სჭირდება, - მათთან, ვინც სიტუაცია უკეთესად იცის. პირველად მესმის ასეთი რამ; საერთოდ, ღონისძიების შესახებ ინფორმაციის წინასწარ ცოდნა აჯობებდა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დღეს პარლამენტში შექმნილ ვითარებას.
პარლამენტში მომხდარი ფაქტის შესახებ ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვას მეტი პასუხისმგებლობით მოკიდება სჭირდება იმისათვის, რომ თუნდაც „კარგი მოსაზრებით ჩაფიქრებული საქმე" პროვოკაციის საგნად არ იქცეს.
„ეს რუსეთთან ურთიერთობის თემა არ გახლავთ, ეს უფრო საპარლამენტო ურთიერთობის საკითხია. ყოველგვარი მსგავსი გაუგებრობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ნეგატიურად იმოქმედებს. მგონია, რომ აქ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
„ამ საქმეს უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოკიდებოდა ის, ვინც ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კარგი მოსაზრებებით ჩაფიქრებული საქმე პროვოკაციად იქცეს," - აღნიშნა მან.
მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ საქმეს სერიოზული მოკვლევა სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დადგეს შესაბამისი პირის პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი, თუნდაც ეს პარლამენტის თავმჯდომარე იყოს.
„ამას სჭირდება სერიოზული მოკვლევა, - როგორ მოხდა, რატომ, შეცდომა ვის მიერ იყო დაშვებული და რატომ მიიღო ამ ღონისძიებამ ასეთი პროვოკაციული ხასიათი, - მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ვინმეს პასუხისმგებლობაზე, თუნდაც თავმჯდომარის, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.