„თბილისი პრაიდის“ პირველი ღონისძიება უკვე გაიმართა, დრო და ადგილი გასაიდუმლოებული იყო

„თბილისი პრაიდის“ პირველი ღონისძიება უკვე გაიმართა, დრო და ადგილი გასაიდუმლოებული იყო

„თბილისი პრაიდი“ ოფიციალურად 18 ივნისს უკვე დაიწყო და პირველი ღონისძიებაც   ჩატარდა. ეს იყო თეატრალიზებული წარმოდგენა ლგბტ თემის და მათი პრობლემების შესახებ, სახელწოდებით „კავკასიური მეტამორფოზა“. ღონისძიების ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ კვირეულის განრიგში  პროგრამული ცვლილებები არ აქვთ და ჩატარდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება, მათ შორის „ღირსების მარშიც“.

ორგანიზატორებს, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი აქვთ, რომ შემდგომ ღონისძიებებზე, ოთხშაბათის სპექტაკლის მსგავსად, ინდივიდუალურად მოახდინონ დასწრების მსურველთა ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების დროისა და ადგილის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად მიიღებს. 

ამ ანტიჰომოფობიური კვირეულის მოწინააღმდეგეები გუშინ „თბილისი პრაიდის“ ოფისთან შეიკრიბნენ და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. სავარაუდოდ ეს იმ დროს მოხდა, რომდესაც კვირეულის პირველი ღონისძიება იმართებოდა და ოფისში არავინ იყო.

„რეზონანსთან“ „თბილის პრაიდის“ პრესსამსახურის წარმომადგენელი გოჩა გაბიძე აცხადებს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ დაგეგმილმა ღონისძიებებმა მშვიდად ჩაიაროს. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს თავის გეგმებში არანაირი ცვლილებები არ შეუტანიათ. თუმცა, რისკების  არსებობის გამო, ყველა ღონისძიება გასაიდუმლოებულია და კონკრეტული ადგილები მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იქნება ცნობილი, ვისაც მათში მონაწილეობა სურს.

„ჩვენს გეგმებში კონკრეტულად არაფერი შეცვლილა. ჩვეულებრივად ყველა აქცია, რაც დაგეგმილი, გვქონდა ჩატარდება. თუმცა ეს ყველაფერი გასაიდუმლოებულია და კონკრეტულად მხოლოდ იმ ადამიანებს ეცნობა, ვინც ამ აქციებზე უნდა დაესწროს.

ეს იქნება სპექტაკლის სახით ჩატარებული აქციები, რომლის შესახებაც ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს ინდივიდუალურად, ყოველი აქციის წინ მიეწოდებათ. ისინი კი ამის შემდეგ გადაწყვეტენ, დაესწრონ თუ არა დაგეგმილ აქციებს.

„ასე კონკრეტული რიცხვები განსაზღვრული არ არის. შესაძლოა აქციები ყოველდღიურადაც გაიმართოს. კონკრეტულ რიცხვებს და ადგილმდებარეობას მონაწილეებს ეტაპობორივად მივაწვდით. ხოლო მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მედიით არ გასაჯაროვდება“, - აცხადებს „რეზონანსთან“ გაბიძე.      

„თბილისი პრაიდის“ ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში გაიმართა. შეკრებილები ოფისში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს მოუწოდებდნენ, რომ „თბილისი პრაიდის“ ოფისის დალუქვა მომხდარიყო.

„ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, რომ დაილუქოს სიბინძურის და დესტაბილიზაციის ბუდე. ჩვენ არავის არ ვუვარდებით სახლში. გვინდა ბავშვები იყვნენ დაცული მავნე ზეგავლენისგან და ვერავინ ვერ მეტყვის, რომ პროპაგანდა არ არის მავნე ზეგავლენა ბავშვებზე. სწორედ ამას ეწევიან ისინი. თუ პოლიცია 9 აპრილივით დაგვერევა,  წიხლებით დაგვხოცავს, ტყვიას გვესვრის და მოგვკლავს ჰომოსექსუალიზმის გამო, მაშინ ხალხიც საკადრისად მოიქცევა“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.    

აქციის მონაწილეებმა ნინო რამიშვილის ქუჩა ერთსაათიანი აქციის შემდეგ დატოვეს და ვერის ბაღში გადაინაცვლეს, რის შემდეგაც დაიშალნენ.

აქცის მონაწილეებს დაშლისკენ მამა დავით ისაკაძემ მოუწოდა. მან ასევე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ კომუნიკაცია არ ჰქონდეთ მედიის წარმომადგენლებთან, რადგან, მისი თქმით, ჟურნალისტები საზოგადოებაში არსებულ ჯანსაღ პოზიციას არასწორად ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე მყოფი რამდენიმე მოქალაქე ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლების მისამართი აგრესიულად იქცეოდა.

საპატრიარქომ კი „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აგრესიის შემცველ მოწოდებებს ემიჯნება.

„ბოლო დროს ე.წ. ლგბტ-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. ამასთან მიმართებით, საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

„ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.

„პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება“, - აცხადებს საპატრიარქო.

 

 

 

 

სოციალისტი ცხადია, საქართველოს წაშლის მსურველებმა ძალიან დიდი ფული გადაუხადეს ამ ლგბტ ნაძირალებს!
6 წლის უკან
სოციალისტი ალბათ არ არის ძნელი სურათის მიხედვით ამ შეკრების ადგილის , ამ დარბაზის ამოცნობა?!
6 წლის უკან