12 ივნისს,ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გადაჭრით უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის 600 000 ლარის ღირებულების შესაწამლი პრეპარატები და აღჭურვილობა გაუგზავნა. ამის შესახებ კოვემ სოხუმში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან განაცხადა.
კოვემ სოხუმში გამართული შეხვედრის მონაწილეებს სთხოვა განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის საანგარიშო გამოსვლისთვის, რომელიც 3 ივნისს თბილისში პარლამენტის სხდომაზე გაიმართა. მოხსენება 2018-2020 წლის სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობას ეხებოდა და მასში ნათქვამი იყო, რომ 2018 წელს აფხაზეთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი დაიხარჯა.
„მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას არ მიუღია არაფერი საქართველოს მთავრობისგან, ყველა პრეპარატი, რომელიც მიმართული იყო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, აფხაზეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო ორგანიზაციების ხაზით მიიღო. თანხებს, რომელსაც გამოყობენ დონორი ორგანიზაციები, საქართველოს ბიუჯეტთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა კოვემ.
ე.წ. სგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაარწმუნა თანათავმჯდომარეები, რომ აფხაზურ მხარეს აქვს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ საქონლის მიღებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
„თუ საქართველოს მთავრობას აქვს დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს ფაქტს, რომ აფხაზეთის მთავრობამ მიიღო საქართველოს მთავრობისგან ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის პრეპარატები, მე მიმაჩნია რომ გონივრული და აუცილებელია ეს დოკუმენტები საჯარო გახდეს", - განაცხადა ე.წ მინისტრმა.
დაურ კოვემ ასევე განაცხადა, რომ ბოლო დროს აფხაზეთის თემას საქართველოს შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში ხშირად იყენებენ.