ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი რანგის მხარდამჭერი ტექსტი ვრცელდება იმ პროცესის მიმართულებით, რომელიც კატასტროფიულად ცუდად ვითარდება საქართველოში, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი რანგის მხარდამჭერი ტექსტი ვრცელდება იმ პროცესის მიმართულებით, რომელიც კატასტროფიულად ცუდად ვითარდება საქართველოში. არ მიმაჩნია სწორად, რეალურად არანაირი ეფექტის მომცემ კანონპროექტზე მხარდაჭერისთვის ამგვარი მაღალი სტატუსის მინიჭება და, ამის პარალელურად, არც ერთი წინადადების არ თქმა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება პრაქტიკულად არ ხორციელდება.
როგორც ქართული მართლმსაჯულების მსხვერპლი, გამოვთქვამ ღრმა შეშფოთებას (და ბოდიშს ვუხდი ჩემი სამშობლოს და ასევე რ2ის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერებს - აშშ საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობას) ამ განცხადების შესაძლო განვითარების მისამართით: სრულიად ცხადად ჩანს, რომ ქართული ოცნება მას გამოიყენებს პოლიტიკური და კორუმპირებული მართლმსაჯულების პოზიტიურად შესანიღბად და ათას სისაძაგლეს ჩაიდენს ამ განცხადებას ამოფარებული (მაგალითად, დანიშნავს მისთვის სასურველ და კორუმპირებულ კადრებს უზენაეს სასამართლოში).
ვწუხვარ, მაგრამ ამ რანგის განცხადების გაკეთებისას, სრულიად არ იქნა გათვალისწინებული საკითხის კონტექსტი და პოლიტიკური მხარე. მოვუწოდებ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომ მეტი იმუშავოს ჩვენს მთავარ მოკავშირეებთან, რომ შემდგომში თავიდან იქნას აცილებული კეთილი სურვილებით განპირობებული, თუმცა, ეფექტურად, დემოკრატიის დამაზიანებელი განცხადებები. ჩვენს მეგობრებს კი უმორჩილესად ვთხოვ, მოახდინონ სათანადო და დროული რეაგირება და გააკეთონ შემდგომი მკაფიო განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით", - წერს გვარამია.