„მე მქონდა ნათქვამი და კიდევ ვიძახი, მე ამ ადამიანებს პოლიტიკურად გავანდგურებ", - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
„ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა „რეაქციაში" საუბრისას მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის რაც ჩანაწერში ისმის, მას ნათქვამი აქვს, თუმცა ეს იყო გამწარებული ადამიანის საუბარი და არავის მოკვლის სურვილი მას არ აქვს:
„თუ მე რამეში დამნაშავე ვარ, როგორც ესენი - ტყუილების მოყოლას, ან ჭორების გავრცელებას კი არ დავიწყებ, რომ ეს არ მითქვამს და ის არ მითქვამს-მეთქი. მე პირდაპირ განვაცხადე, რომ კი მე ეს ვისაუბრე, მაგრამ იქიდან გამომდინარე ვისაუბრე, რომ ესენი არაფრის შანსს არ მიტოვებდნენ და გამწარებული ვიყავი. მაგრამ მე იმის მცდელობა არ მქონია...
იარაღთან და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან შეხება არ მქონია. მე მქონდა ნათქვამი და კიდევ ვიძახი, მე ამ ადამიანებს პოლიტიკურად გავანდგურებ. არ მაქვს სურვილი, რომ ვიღაცა მოვკლა, ეს სურვილი რომ მქონოდა, აქამდე გავაკეთებდი. მე მაგას საქართველოში არასდროს არ გავაკეთებ" - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სუს-მა 7 მაისს მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათივე ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდა.
გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 18-323-ე და 323¹ მუხლებით მიმდინარეობს.