პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემა 2020 წელს პროპორციულზე რომ გადასულიყო, ამაზე თავად ოპოზიციამ 2017 წელს თქვა უარი, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი განიხილებოდა.
"2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის დროს ოპოზიციას 2020 წლისათვის პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდოდა, მაგრამ რეფორმისთვის მხარდაჭერა არ უნდოდათ - პოლიტიკაში კი ასე გამოდის, თუკი 2020 წლისთვის პროპორციური არჩევნები მათთვის პრიორიტეტული იყო, ეს შევთავაზეთ, რაზეც უარი თქვეს.
როდესაც ჩვენ ოპოზიციას 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის დროს 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა შევთავაზეთ, მათი პასუხი იყო: - ხელები უნდა დაგვატყდეს, ამ საკონსტიტუციო რეფორმას რომ მხარი დავუჭიროთო. ოპოზიციამ საკუთარი ნებით თქვა უარი იმ საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერაზე, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან შემოღება ასახული იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლის შემდეგ ამოქმედდება.
"როგორც კი შემდგომი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, იმის შემდგომი არჩევნები სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ყალიბდება საპარლამენტო რესპუბლიკა თავისი პროპორციული სისტემით. ამას თავისი რისკები და გამოწვევები აქვს, მაგრამ მთავარი მიღწევა არის ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება გამორიცხული იქნება.
პროპორციულ სისტემას აქვს თავისი რისკები და გამოწვევები. ჩვენ ევროპულ პრატიკასაც ვხედავთ, როცა პრობლემები ისეთ ქვეყნებშიც კი გაჩნდა, სადაც კონსოლიდირებული პარტიული სისტემაა ჩამოყალიბებული. არის ქვეყნები, სადაც ნახევარი წლის განმავლობაში მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომ თუკი ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიები, ჩვენი საქმიანობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მიმართული უნდა იყოს იქეთკენ, რომ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ორგანიზებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები.