“პომპეომ თავისი გამოსვლის 90% დაუთმო საქართველოს ქებას”

“პომპეომ თავისი გამოსვლის 90% დაუთმო საქართველოს ქებას”

ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას. მან საქართველოს მიმართ სამი მთავარი გზავნილი გააჟღერა - სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, სამართლიან არჩევნებსა და ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე.

თბილისში მაიკ პომპეოს გზავნილებზე ოპოზიციური სპექტრი ფიქრობს, რომ პომპეოს გზავნილები მკაცრი გაფრთხილებაა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს ყველაფერიდან ინტრიგა შექმნას.

„ოპოზიცია რომ ასე ამბობს, ეს გასაგებია, მაქსიმალურად ცდილობენ და მომავალშიც ეცდებიან ყველაფრიდან რაღაც გარკვეული ინტრიგა შექმნან, ეს ახალი არ არის.

„ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მაიკ პომპეოსა და პრემიერის შეხვედრით მემგონი კიდევ ახალი ეტაპი დაიწყო, გაცილებით უფრო მეგობრული. ეს ჩანდა პომპეოს განცხადებაში, მან თითქმის 90% დაუთმო ქებას, აღნიშნა რომ საქართველო ლიდერია ბევრ რამეში. ასევე თქვა, ურთიერთობები როგორ უნდა განვითარდეს და გაგრძელდეს." აღნიშნა დეპუტატმა

მისივე აზრით, პომპეოს სამი მთავარი გზავნილი: სასამართლო სისტემასთან, არჩევნებთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იყო გარკვეული სურვილები, რისი სურვილიც მმართველ პარტიასაც აქვს.

„იყო გარკვეული სურვილი, რა თქმა უნდა, ის სურვილები, რაც ჩვენც გვაქვს, ბუნებრივია, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს და ვიცით რატომაც უნდა აშენდეს, საარჩევნო სისტემა მომავალში ბუნებრივია უფრო და უფრო უნდა გაუმჯობესდეს, ასევე სასამართლოც, რომელიც უკვე საკმაოდ განსხვავებულია და ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ეს სასამართლო 2012 წლამდე რაც იყო, ის სასამართლოა თავისი შედეგებით, მე მგონია, რომ ძალიან დადებითი მუხტის მომტანი შეხვედრა იყო" - განაცხადა ქანთარიამ „რეზონანსთან" საუბარში.