"მას ადამიანების წამება სიამოვნებას ჰგვრიდა" - ვინ არის გიორგი სამუშია, რომელიც უკრაინაში დააკავეს

უკრაინაში დააკავეს საქართველოს მიერ ინტერპოლით ძებნილი შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, რომელსაც ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და წამება.

თავის დროზე, სამუშიას არაერთი პატიმარი ამხელდა წამებაში. მათ შორის იყო ზუგდიდელი ლ.ა. რომელმაც მაშინ "კვირის პალიტრას" უამბო, რომ 2011 წლის 14 ივნისს ის პოლიციელებმა დააკავეს, ჯერ მანქანაში სცემეს, შემდეგ ენგურის სანაპიროზე, ბოლოს კი ჯვრის პოლიციის განყოფილებაში განაგრძეს მისი წამება.­ ამ ოპერაციას წალენჯიხის პოლიციის იმჟამინდელი უფროსი გოჩა გოგოხია ხელმძღვანელობდა. მანამდე პოლიციელებს დაკავებული ჰყავდათ მისი მოგვარეები, რომელთაც ტერორისტული­ აქტის მოწყობაში ადანაშაულებდნენ. ლ. ა.-ს აიძულებდნენ სოფელ მუჟავაში მომხდარ ტერორისტულ აქტში  დაედანაშაულებინა პირები, რომელთაც არ იცნობდა, სანაცვლოდ, ორწლიან პატიმრობას აკმარებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოცწლიან "სროკზე" გაუშვებდნენ. გოგოხიამ, სამუშიამ და დანარჩენებმა ლ.ა. სასტიკად აწამეს და აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერაზე დაითანხმეს.

ლ. ა: "სამუშია ერთუჯრედიანი არსებაა, რომელსაც ადამიანების წამება სიამოვნებას ჰგვრიდა. ეგენი კეთროვნებად მიიჩნევდნენ პატიმრებს, საკნებში შედიოდნენ და სჯიდნენ. გამოძიებამ და პროკურატურამაც კარგად იციან ჩემი წამების საქმე, რომელსაც 2012 წლიდან "იძიებენ" და თაროზეა შემოდებული".