"მეც შვილმკვდარი მამა ვარ და ჩემი პატარა ბიჭი საკუთარი ხელით დავასაფლავე, ექიმებმა მომიკლეს და ბაბუას გულზე დავკრძალე, მაგრამ იმ ექიმებზე შური არ მიძიებია", – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი.
იგი მისი ოჯახის წევრების მიმართ სავარაუდო ტერაქტის მოწყობას ეხმაურება, რომელსაც, სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი აპირებდა.
"თანასოფლელებისგან ვიცი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილი და მისი თანმხლები პირები მაჩხაანში ჩემი სახლის ახლომახლოც გაჩერდნენ და იქაურობას ზვერავდნენ. როგორც ჩანს, ჩემი სახლიც ერთ-ერთი სამიზნე იყო და თუ ჩანაფიქრს სასაფლაოზე ვერ განახორციელებდნენ, ეცდებოდნენ, სახლში ამოვეწყვიტეთ", – აცხადებს "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში იოსებ გოგაშვილი.
იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას იგი თავად არ ესწრებოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა კი საკუთარი შვილი მაშინ დაღუპა, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილის პირად ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ირიცხებოდა და მამამ მის ქმედებას ხელი არ შეუშალა.