მამუკა ბახტაძე მაიკ პომპეოს შეხვდება

მამუკა ბახტაძე მაიკ პომპეოს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმდინარე კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება. ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა.

"სახელმწიფო მდივანი ელოდება შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელზეც ორმხრივი საკითხების განხილვის შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა მორგან ორტაგუსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს 5-14 ივნისს სტუმრობს. პრემიერმა სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და დალასში როუდშოუ გამართა. მან უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. ვაშინგტონში მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. პრემიერ-მინისტრი მისასალმებელი სიტყვით გახსნის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.

ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს, მამუკა ბახტაძის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, რომელზეც მიწვეული არიან აშშ-ის ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.