საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა კვიჟინაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსის რყევებთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამ თემაზე დეპუტატმა პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტზე ისაუბრა, სადაც სებ–ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა მიმდინარეობს.
"გასაგებია, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი კურსი, გასაგებია, რომ ეს საუკეთესოა და მხარს ვუჭერთ, მაგრამ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, სულ რამდენიმე მილიონია ვაჭრობა ვალუტასთან დაკავშირებით. როდესაც ვინმე შეიძენს დიდ თანხას, ან გაყიდის, ეს მყისიერად ეტყობა ლარის კურსს. თუ პროცესი, როგორც ამას ბატონი რომანი (გოცირიძე) ამბობდა, სტაბილურია და ლარს არაფერი ემუქრება, იქნებ ასეთი მცირედი ამოგლეჯილი სიტუაციები როდესაც ხდება, ჩაერიოთ. დააწყდა ხალხს ნერვები, რომ იტყვიან. გასაგებია, წმინდა ეკონომიკურად გეთანხმებით, მაგრამ ეს სოციალური თემაც ხომ არის.
ხომ ვიცით, რომ ეს არის დროებითი და ლარს არაფერი ემუქრება და იქნებ ჩაერიოთ. კი ბატონო, ეკონომიკურად შეიძლება, ასე უფრო სწორია, მაგრამ ეკონომიკის გარდა, არის მოსახლეობა და სოციალური თემები. იქნებ, რაღაცნაირად ეს საკითხი, თუ არის შესაძლებელი, მოგვარდეს, რადგან ყოველ ასეთი გადარიცხვის პერიოდში, პანიკაში არ იყოს...
სხვათაშორის, ჩვენ იმპორტი 8 მილიარდზე მეტი გვაქვს, აქ დასაქმებულია უამრავი ადამიანი, ამიტომ ეს (კურსის ცვლილება) რომ არავის ეხება, ასე არ არის", – განაცხადა კვიჟინაძემ.