"დამეწრმუნეთ არ არის ქვეყანა, სადაც არ აქვთ განცდა, რომ არჩევანს ცუდს და უარესს შორის აკეთებენ"

დამეწრმუნეთ, არ არის ქვეყანა, სადაც არ აქვთ განცდა, რომ არჩევანს ცუდსა და უარესს შორის აკეთებენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა „იმედის ლაივის“ ეთერში.

„ყველა ქვეყანაში არის პოლარიზების ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს მოიტანა თანამედროვე ტექნოლოგიებმა. ახლა ჩამოვედი აშშ-დან, ხშირად მიწევს ევროპაში ყოფნა. ყველაგან არის ასეთი განცდა, რომ ადამიანებს უწევთ არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის. დამერწმუნეთ, არ არის ქვეყანა, სადაც ეს განცდა არ აქვთ. ჩვენ იზოლირებულები არ ვართ, ჩვენც ვართ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, იგივე ტიპის გამოწვევები გვაქვს, რაც ყველა ჩვენნაირი ტიპის ქვეყანას, ამიტომ ძალიან რთულია, ისაუბრო იმაზე, რომ არ არის ყველა აღფრთოვანებული რომელიმე პოლიტიკური ძალით. აღარ არის ასე. ყველას გვიწევს და მოგვიწევს, შევთავაზოთ ამომრჩეველს რომელია უკეთესი, რომელია უარესი და ამომრჩეველს მოუწევს აქ არჩევანის გაკეთება.

ჩვენი როლი რაც არის ამ წლების განმავლობაში და რასაც ცდილობს „ქართული ოცნება“, არის ის, რომ ის მძიმე წარსული, მძიმე პოლიტიკური მიდგომები, რაც ქვეყანას ტრავმად აჩნია - ძალადობა, სიძულვილი, აგრესია - რაც ვერა და ვერ მოიშორა ჩვენმა ოპონენტმა ისევ, - აი, ეს არასდროს არ ყოფილა, არ არის და არ იქნება ჩვენი პოლიტიკური ძალის კურსი. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, შევთავაზოთ მოსახლეობას ის, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ - ხან გამოგვდის, ხან ვერა - მაგრამ ამას მუდმივად ვცდილობთ. ეს არის: სტაბილურობა, სტაბილური განვითარების საშუალება, მეტი დემოკრატია, რომ მასზე არ ძალადობდნენ, ჰქონდეს აზრის გამოხატვის საშუალება, გამოხატვისა და აზრის თავისუფლება და ეკონომიკური წინსვლა, რაც მთავარია. ჩვენ ამაზე ვართ მთლიანად ორიენტირებულნი და ამაზე ვიქნებით“. - განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტარის თქმით, 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ძალას ახალი ნაკადი, კომპეტენტური ადამიანები შეემატებიან, რაც ყველა პოლიტიკური ძალისთვის, და მით უფრო მმართველი ძალისთვის ძალიან მნიშვენელოვანია.

„2020 წელს ხმები განაწილდებდა ბევრ პოლიტიკურ ძალას შორის. ეს საპარლამენტო არჩევნებია. ბარიერი 3%-იანია. ჩვენ ვერ ავცდებით ბევრ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში. მომავალი პარლამენტი იქნება ჭრელი. მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, თქვენ რომ „შუა“ ახსენეთ და ვერაფერს რომ ვერ სთავაზობს ამომრჩეველს, ხოლო ჩვენი ოპონენტები სთავაზობენ ძალიან ცუდსა და დესტრუქციულს, ბუნებრივია, ჩვენ ვეძებთ და ყველაზე მეტად შევთავაზებთ იმას, რაც ქვეყანას სჭირდება.

გვაქვს მოლოდინი, რომ უმრავლესობით დაუჭერს მხარს ჩვენს პოლიტიკურ ძალას ამომრჩეველი, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი პარტია იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ბევრად უფრო ჭრელი იქნება პოლიტიკური წარმომადგენლობა და ნელ-ნელა ეს იქნება შემზადება იმ რადიკალური ცვლილებებისთვის რომელიც 2024 გველოდება“. - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.