“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ბერაიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, პოლიტიკური ასპარეზი ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს დაუთმონ.
როგორც უგულაცა აცახდებს, "ქართული ოცნება“ ე.წ. “ნასედკებმა“ დაამარცხეს. მისივე თქმით, ფარისევლებს, “ნასედკებსა“ თუ ფლიდებს ქვეყანა სამართავად არ დარჩებათ.
"ჩვენ არა, ქურდებმაც არა, "ნასედკებმა", ოღონდ არა ჩვენ, თქვენ დაგამარცხეს. მათთან ვალში გაცვალეთ სახელმწიფო. მაგრამ ჯერ მთავარი "ბოი" წინაა. ფარისევლებს, ნასედკებს, ტლუ ფლიდებს არ დაგრჩებათ ჩვენი ქვეყანა.
P.S. ნუ ამ "ქართუს" პირმშოზე რა გითხრათ, ასეთები ტურებივით გაიკრიფებიან მთავარი ბრძოლის წინ. მთავარი ბრძოლა წინაა“, - წერს უგულავა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე "ევროპული საქართველოსა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ურჩია, პოლიტიკური ასპარეზი ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს დაუთმონ. მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოების ნაწილის კრიმინალებად შერაცხვას მარტივად ახერხებს.
“თქვენ ძალიან მარტივად ახსენებდით კრიმინალს, როცა იყავით ხელისუფლებაში. ძალიან მარტივი იყო ადამიანზე ამის დაბრალება თქვენთვის. თქვენთვის მარტივი იყო ამ სიტყვის წარმოთქმა მაშინ და დაბრალება ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა თქვენთვის. ისევ იგივე რიტორიკით და ისევ მარტივად ახერხებთ ადამიანები შერაცხოთ კრიმინალებად.
მე მაქვს შეკითხვა: თქვენ ბრძანებთ, რომ კრიმინალების და ქურდების ჩარევით გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ”. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს ეს არჩევნები? - თუ ასე ფიქრობთ, რომ ქურდებმა არჩევნები მოგიგეს, “ევროპულ საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა განშტოებებს, მაშინ დრო ხომ არ მოვიდა, რომ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში?”- განაცხადა ბერაიამ.