"მამაოს პატიმრობაში ყოფნა საპატრიარქოს მოთხოვნაა, რაც ივანიშვილმა შეასრულა"

ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უდანაშაულო მღვდელი ციხეში ბიძინა ივანიშვილის უშუალო ბრძანებით გამოკეტეს.

მამალაძის უკმაყოფილება გამოიწვია ეპისკოპოსი იაკობის მთავარეპისკოპოსის ხარისხში აყვანამ. მსჯავრდებული სასულიერო პირის ოჯახის წევრი ამბობს, რომ რეზონანსული საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის დაწინაურება ჯილდოა, რომელიც მამალაძის თქმით, მთავარეპისკოპოსს „ციანიდის საქმის" წარმატებით განხორციელებისთვის გადასცა".

დეკანოზის ძმა მეუფე იაკობს „მამა გიორგი მამალაძის დაკავების მთავარ ორგანიზატორს" უწოდებს.

„მეუფე იაკობი არის „ციანიდის საქმის" ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. მთავარი პროკურატურის მასალებშიც კი მეუფე იაკობი არაერთხელ ფიქსირდება. მათ შორის, როდესაც საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე როდესაც მიდის პროკურატურაში ერთ-ერთი პირი სწორედ მეუფე იაკობია. ეს ხდება ჩემი ძმის დაკავებამდე 2-3 კვირით ადრე.

გუშინ კი ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ადამიანი დააწინაურეს, მიანიჭეს მთავარეპისკოპოსობა. რაც ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქრისტიანისთვის გულსატკენია - დედა ეკლესიაში წინაურდებიან ისეთი ადამიანები, როგორიც მეუფე იაკობია.

მამაოს პატიმრობაში ყოფნა საპატრიარქოს მოთხოვნაა, რაც ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა. მან გასცა ბრძანება, რომ დაეკევებინათ უდანაშაულო მღვდელი", - განაცხადა მამალაძემ "ნიუპოსტთან"