" ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები ძირითადად გააყალბა არჩევნების დღემდე, გაყალბების სამი მეთოდით, პირველი არის დაშინების, მეორე მეთოდი არის, ასე ვთქვათ, სოციალური სარგებლის და სიკეთის მოტანასთან დაკავშირებული“- ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა გია ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა.
„საარჩევნო დღე ხასიათდებოდა მთელი რიგი დარღვევებით. იყო ძალადობის ფაქტებიც. მნიშვნელოვანწილად პრაქტიკულად ისე ჩატარდა, როგორც ზუგდიდსა თუ სხვა ოლქებში. ვგულისხმობ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები ძირითადად გააყალბა არჩევნების დღემდე. ეს არის არჩევნების გაყალბების სამი მეთოდი. პირველი არის დაშინების, მეორე მეთოდი არის, ასე ვთქვათ, სოციალური სარგებლის და სიკეთის მოტანასთან დაკავშირებული“, - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, დაშინების ახალი მეთოდი, რომელიც აქამდე არც ერთ ხელისუფლებას გამოუყენებია, კრიმინალური ავტორიტეტებია.
„დაშინების მეორე მეთოდი, რომელიც აქამდე არ ყოფილა საქართველოში, არის ის, რომ ხელისუფლება შეერწყა მთლიანად კრიმინალს. არავისთვის არაა უცხო და ახალი ამბავი, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები, ქურდული სამყარო, შავები ძველი ბიჭები და ე.წ. „ნასედკები“ წინააღმდეგი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ ხელისუფლების რომელიც ებრძოდა კრიმინალებს. მათ იციან, რომ იმ ძალას, რომელიც ივანიშვილს ებრძვის, უნდა რაღაცნაირად დაუპირისპირდნენ და ივანიშვილი შეინარჩუნონ. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ე.წ. ძველი ბიჭები, შავები, ჩაცუცქულები ჩნდებიან პირდაპირ საარჩევნო სქემაში, სადაც პირდაპირ ჩართულები არიან როგორც კოორდინატორები და იმ ადამიანებზე „მუშაობენ“, რომლებსაც ხელისუფლება ვერაფერს უშვება. მესამე მეთოდი კი არის სოციალური სარგებლის და ბენეფიტების დაპირება ან მისი მოხსნის მუქარა“, - აღნიშნა გია ბარამიძემ.