ჩუღურეთის რაიონში, იას ბაღში არსებულ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პარალელურად, აღნიშნულ ბაღში მოწყობილი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. „იას ბაღის ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული მოედანი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორი და მოსასვენებელი ადგილები. აქ ყველა ასაკის ადამიანი იყრის თავს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობისთვის მნიშვნელოვანია, ეს სივრცე ლამაზად იყოს მოწყობილი. ჩვენ დავასრულეთ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში კი ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რეაბილიტირებული სკვერით სარგებლობასაც შეძლებს", - აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ. დასრულებული სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედანზე ამორტიზირებულ ხელოვნური საფარი ახლით ჩანაცვლდა, რეაბილიტირდა დაზიანებული მავთულ ბადეები, შეიღება ლითონის კონსტრუქცია, შეიცვალა ფეხბურთის კარის და კალათბურთის ფარის ბადეები, ასევე, მოსახლეობის თხოვნით, დამონტაჟდა ტრიბუნები. ამასთან, რეაბილიტაცია ჩუღურეთის რაიონში არსებულ კიდევ 20 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა.