ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც გაიცა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“-ზე, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას.

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც პირადად  ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო  სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტი წარმოადგენს  სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს.

„ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებიდან, დაწყებული 300 მილიონ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული  70 მილიონ ლარიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, პროექტის მხარდასაჭერად მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან.

„გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს, დაკონცენტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა  დროულად დაიწყოს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები ევროპული ინვესტიციებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.

ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა ასევე კომპანიამ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“. „ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  „ეიპიემ ტერმინალსმა“ „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ 2011 წლის აპრილში შეისყიდა.