რუსეთში საქართველოს სამეფო ოჯახის სამარხები იპოვეს (ვიდეო)

რუსეთში საქართველოს სამეფო ოჯახის სამარხები იპოვეს (ვიდეო)

ტაძრის გვიანდელი მიშენებების დემონტაჟისას ცემენტის სქელი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს საქართველოს უკანასკნელ მეფეთა და დიდებულთა საფლავები – ლამის მთელი ნეკროპოლი.


პეტერბურგში მდებარე კეთილმორწმუნე ფიოდორ ნოვგოროდელის სახელობის ეკლესიის რესტავრაციისას ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა 26 სამარხი აღმოაჩინეს, წერს რუსული მასმედია.


გავრცელებული ინფორმაციით, სულ ნაპოვნია 31 სამარხი, რომელთა შორის ასევე არის 1861 წლის გლეხური რეფორმის ერთ-ერთი ავტორის, გრაფ იაკობ როსტოვცევის სარკოფაგიც.


როგორც რუსული პრესა წერს, ფიოდორ ნოვგოროდელის ეკლესია ტურისტული მარშრუტებიდან მოშორებით მდებარეობს და იქ სარესტავრაციო სამუშაოები უკვე მეათე წელია გრძელდება.


საბჭოთა ეპოქაში აღნიშნულ ეკლესიაში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო ჯერ აეროკლუბი, შემდეგ ფიზკულტურული საზოგადოება „სპარტაკი“ და ბოლოს სისხლის გადასხმის სადგური. შესაბამისად, ტერიტორიაზე არაერთი მიშენება გაჩნდა.


ალექსეი ოდინცოვის თქმით, რომელიც ალექსანდრე ნეველის ლავრაში (რომლის შემადგენლობაშიც შედის ფიოდორ ნოვგოროდელის ეკლესია) რესტავრაციისა და არქიტექტურულ-მხატვრული შემკულობის საქმეებს ხელმძღვანელობს, სამარხები დაკონსერვდება და ზემოდან დაჯავშნული მინით დაიხურება.


ალექსანდრე ნეველის ლავრა პირველი და ყველაზე დიდი მონასტერია პეტერბურგში. არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე სასაფლაო, სადაც ცნობილ მოღვაწეებს კრძალავდნენ.


სამონასტრო ცხოვრების აღორძინება ლავრის კედლებში 1996 წელს დაიწყო, ხოლო სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას ლავრა სრულიად 2000 წლის 18 აპრილს გადაეცა.