პრემიერ-მინისტრის დავალება მივიღე და მე, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები, უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ დავესწრებით ადგილზე მედიაციის პროცესს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ჭიათურაში შექმნილი ვითარების გამო ადგილზე სამი მინისტრი ჩავა.
"ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს, რათა ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული კონფლიქტი, აზრთა სხვადასხვაობა ამოიწუროს რაც შეიძლება, სწრაფად. თუმცა პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ორივე მხარის კეთილ ნებაზე, ჩვენ კი უშუალოდ მედიაციაში ჩავერთვებით", - განაცხადა თურნავამ.