მე პრეზიდენტის აზრებზე და კომენტარებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ,

მე პრეზიდენტის აზრებზე და კომენტარებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ,

„პრეზიდენტის გადასაწყვეტია რაში ჩაერევა და რაში - არა, მე სხვის აზრებზე და კომენტარებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის და „ქართული ოცნების" წევრის აკაკი ზოიძის კომენტარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჭიათურელი მაღაროელების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

ზოიძე მიიჩნევს, რომ ჭიათურის მაღაროში მომუშავე ადამიანები არანორმალურ პირობებში არიან, ისინი იმსახურებენ მაღალ ანაზღაურებას და უკეთეს სამუშაო პირობებს.

„რაც შეეხება მაღაროელებს, ის ადამიანები მაღაროში არანორმალურ პირობებში მუშაობენ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ სამუშაო პირობები გაუუმჯობესდებათ და უკეთესი პირობები ექნებათ, ისინი ნამდვილად იმსახურებენ მაღალ ანაზრაურებას და შრომის უკეთეს პირობებს", - აცხადებს ზოიძე.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამბობს, რომ პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს ჭიათურაში მაღაროელების შრომითი დავის საკითხს, თუმცა პოსტშივე შრომის უსაფრთხოების საკითხზე საუბრობს.

„პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული," - აცხადებს პრეზიდენტი.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მწვავე ფაზაში გადავიდა. გაშლილ კარვებში რამოდენიმე მუშამ შიმშილობის ნიშნად პირი ამოიკერა. მაღაროელებს ჭიათურის სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ, მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყეს.

პროტესტი უკვე მერვე დღეა გრძელდება. ჭიათურაში ყველა მაღარო შეჩერებულია, მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მომატებას ითხოვენ.