“არ არის ჩემი საქმე პოლიტიკა, პროფესიის მიუხედავად, არ ვერევი ამ გაუგებრობაში და მაინც, უნდა გაიმარჯვოს – სიმშვიდემ, სიკეთემ, სიყვარულმა, ერთსულოვნებამ, მშვიდობამ!”, – ამ პოსტს ჟურნალისტი მანანა ნოდია სოციალური ქსელის პირად გვერდზე აქვეყნებს და ზუგდიდში მიმდინარე და არსებულ მოვლენებს ეხმაურება.
”ორი დღის წინ დავბრუნდი, ჩემი ბავშვობის ქალაქიდან. ალბათ, ნახევარი საუკუნეა, თან მსდევს და არ შემისუნთქავს იქაური გაზაფხულის სურნელი. პოლიტიკურმა სიცხემაც ვერაფერი დააკლო ჩემს იდილიას და პირად საქმეზე, ორი კვირის წინ ჩასული, ასე შემოვრჩი ზუგდიდს. ამ დღეებში რატომღაც, მოდად იქცა ზუგდიდელობა. ბევრიც იბრალებს, ღმერთმა ყველას შეარგოს! ჩემი ამბავი კი, ასე იყო: ჩვენი ოჯახი თავიდან თბილისში ცხოვრობდა, ძმა, თბილსში დაიბადა, მე- თითქმის, გზაში. ბავშვობამ-ზუგდიდში ჩაიარა, სკოლის ბოლო წლებმა- თბილისში, ისევ აქ “გადმოვცხოვრდით”. მაინც ვარ დაკავშირებული დადიანების საუფლოსთან. ედემის ბაღის (ბოტანიკური ბაღი, დადიანების სასახლე), წინ გვაქვს, მეუღლის მშობლების, მწვანეში ჩაბუდებული სახლი. მოკლედ, ასეა თუ ისე, იმის თქმა მინდა, არ არის ჩემი საქმე პოლიტიკა, პროფესიის მიუხედავად, არ ვერევი ამ გაუგებრობაში და მაინც, უნდა გაიმარჯვოს -სიმშვიდემ, სიკეთემ, სიყვარულმა, ერთსულოვნებამ, მშვიდობამ! არ ვიცი, რამ მომაგონა ეს ხალხური ლექსი?
“რად გინდა ქალი უცხო მხრის”..ალბათ, იმან რომ, ზუგდიდელზე უკეთ ვინ იცის, რა არის ზუგდიდელობა, რა სურთ ზუგდიდელებს, რა ძევს (როგორც, ჩემი შვილიშვილი, ნიკუშა ეძახის, ზურგდიდი, დასაბამიდან მართლა ასე ერქვა ამ ქალაქს) ფსკერზე? მართლაც, დიდი ზურგი აქვს ზუგდიდს. ვის ან, რას არ გაუძლო, ვის ან, რას არ იტევს? ზუგდიდელზე უკეთ, ვინ იცის სტუმარ- მასპინძლის ფასი, რძლის, სიძის, მხცოვანის თუ ყრმის პატივისვცემა- სიყვარული, მტრის თუ მოყვრის გარჩევა- დახვედრა. ჰოდა, დავუთმოთ ზუგდიდი- ზუგდიდელებს!!!
გუშინ, წამოსვლისას, ილია ჭავჭავაძე გამახსენდა, ზუგდიდს, რომ ეწვია და აღტაცებით წამოიძახა: “სამეგრელოში ჩამოვედი და საქართველო ვნახე!”-ო. აი, ეს მთელი საქართველო სტუმრობდა გუშინ ზუგდიდს! ნეტავ, წლების წინ, აქვე, ყურის ძირში მცხოვრებ აფხაზებს, ეხილათ ამოდენა საქართველო, იქნებ?…
კეთილი იყოს მათი ფეხი, სამეგრელოს გულის გულში, მაგრამ? რა ხდება, ხალ-ხოოო!!! მთელი გზა, ზუგდიდიდან- თბილისამდე, თან მსდევდა აზდაკი, აზდაკი, ხომ გახსოვთ? -“კავკასიური ცარცის წრიდან”? საფინალო სცენაც გეხსომებათ უთუოდ, – “რა ვქნა, შუაში ხომ ვერ გავხლეჩ”? – ჰოდა, ვნახოთ, ვის ემეტება გასახლეჩად, დასაქუცმაცებლად, გასაპარტახებლად – ვლაქერნის ხატით – დაცული ეს ქალაქი, ვის კიდევ, ასაყვავებელ – ასაბიბინებლად, გაზაფხულივით ლამაზი ზურგ-დიდი! და კიდევ, ქართველებს გვიყვარს სხარტულა: ” აღდგომა და ხვალეო”! აღდგომა უკვე ვიხილეთ, ხვალ? – “ხვალემ იკითხოს ხვალისა”!!!
პ.ს. ამ არჩევნებზე, ჩემი ფავორიტი მყავდა მთაწმინდაზე ლადო კახაძე! წარმატებები მას!!!”, – წერს მანანა ნოდია სოციალური ქსელის პირად გვერდზე.