საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ადმინისტრაციაში სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დბრუნების მოთხოვნით განცხადება შეიტანა.
"ყველა იურისტი თანხმდება, რომ ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უკანონო ქმედება. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით არ შეიძლება უკრაინის მოქალაქეს ეს სტატუსი ჩამოართვა, ხოლო საერთაშორისო სამართლის მიხედვით პირის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ შეიძლება" - წერია სააკაშვილის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცა.
ამასთანავე, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას არ სჭირდება არავითარი თანამდებობა. თუ ზელენსკის აქვს რაიმე ეჭვი უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს შეუძლია მისცეს განკარგულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, რომ სააკაშვილს უფლება აქვს უკრაინაში შევიდეს სასამართლოში საკუთარი უფლებების დასაცავად.