ბორია, მე ვემზადები საქართველოში დაბრუნებისა და ბრძოლაში ჩართვისთვის

ბორია, მე ვემზადები საქართველოში დაბრუნებისა და ბრძოლაში ჩართვისთვის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში სკოლის გახსნას გეგმავს. ვიდეომიმართვაში, რომელიც სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

"მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ ვაიმე, ყველაფერი ცუდად არის, რა გვეშველება, საშველი არ არის, არ უნდა ვიძახოთ. ბოლო შუალედურმა არჩევნებმაც აჩვენა, რომ ჯერ ერთი, მაგრად მივიწევთ წინ, თან გამოკითხვები ნახეთ? - "ნაციონალური მოძრაობა“ გაუტოლდა "ოცნების“ რეიტინგებს. გამოკითხვებში, ხალხი როგორც წესი, სიმართლეს არ ამბობს. იგივე NDI-ის გამოკითხვებში 2011 წელს 3-1-ზე ვუგებდით "ოცნებას“ და მერე წავაგეთ.

იმიტომ, რომ ხალხი ბოლომდე სიმართლეს არ ამბობს. ეს ნიშნავს, რომ ახლა მინიმუმ ორმაგი უპირატესობა გვაქვს და ეს უპირატესობა გაიზრდება. მეორეც, ივანიშვილის პირადი რეიტინგი არის კატასტროფულად დაბალი. ხალხს ის უბრალოდ ეზიზღება, რა თქმა უნდა, ეს არის ის საფუძველი, რაზედაც დადგება ჩვენი გამარჯვება. ჩვენ პრაქტიკულად გავმართეთ თანაბარი ბრძოლა, თავი არსად არ დავაჩაგვრინეთ და ძალიან მაგარი ჯგუფი ჩამოყალიბდა.

ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ გეგმაზე. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ შალვა შავგულიძეს მთაწმინდაზე. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იქაც. მაგრამ, მთავარი ახლა ის არის, რომ ერთმანეთში ვილაპარაკოთ. სანდრა კონსულტაციებს აწარმოებს ყველა ლიდერთან. მთავარია, ჩვენ რას ვეტყვით ჩვენ ხალხს. ხალხი ითხოვს შველას და დახსნას და ხალხი ითხოვს ორგანიზებას და ითხოვს არგაჩერებას. ხელების ჩამოშვებაზე და დანებებაზე საერთოდ აღარც ვლაპარაკობ.

ამიტომ სანდრა დაიწყებს ქუჩა-ქუჩა სიარულს და ხალხის მობილიზებას, რომ გადამწყვეტ მომენტში ხალხი მიიყვანონ შუშის სასახლესთან. მეორეც, ზაფხულში ჩვენ ყვარელში ვაანონსებთ ახალგაზრდული სკოლის დაარსებას. ეს იქნება სკოლა, სადაც 500 მოსწავლეს ავიყვანთ და მათ ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე. საინფორმაციო მეთოდებზე, სოციალური ქსელების გამოყენებაზე. რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე. იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ ჭაობიდან საქართველო ივანიშვილის მოშორების შემდეგ და ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ. ეს ახალგაზრდები საქართველოს ხელისუფლების მომავალი ბირთვია.

ამიტომ ბორია, თავს ნუ შეიწუხებ იქ სუსის ხალხის ჩანაცვლებით. იმიტომ რომ სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს. და ვერავინ გაგვიძვრება, ეს კარგად ვისწავლე უკრაინაში. სკოლაში მოვიწვევთ უცხოელებს კულტურის საკითხებზე სასაუბროდ. გვექნება ერთმანეთის გაცნობის პროგრამა. იქ, ვენახებში კარგად გავუმასპინძლებით მათ. ეს იქნება ის ბირთვი, რომელიც ჩვენი ოლიგარქის მოშორების შემდეგ გვეყოლება ხელისუფლებაში.

ასე რომ, ახლა გაჩერების დრო ერთი წამითაც არ არის. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ, სხვათა შორის ჩვენ ცხვარიჭამიაში 2003 წელს ასეთივე სკოლა გვქონდა. მაშინდელი "ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობებისთვის. ამჯერად ეს არ იქნება პარტიული სკოლა. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა, ვისაც უნდა საქართელოს გადარჩენა და შემდგომ საქართველოს განვითარებაში აქტიური მონაწილეობის მიღება, იქნება მიღებული ჩვენს მიერ. მე თვითონაც ჩავერთვები დისტანციურად. რა თქმა უნდა, მე ვამზადებ საფუძველს ჩემი დაჩქარებული წესით დასაბრუნებლად საქართველოში და ბრძოლაში ჩართვისთვის. ყველაფერი გამოგვივა და თქვენი იმედი მაქვს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში