ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია

ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ის ყველაზე წარმატებულია იქამდე, ვიდრე ქვეყანაში ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა - ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელია. ამის შესახებ პრემიერმა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევების შეფასებისას განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მას არ ჰქონდა საშუალება კვლევის შედეგებს გაცნობოდა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ქვეყნის განვითარების ვექტორზე მოსახლეობის აზრის გასაგებად სოციოლოგიური კვლევები არაა საჭირო და მოსახლეობის განწყობები არჩევნებზე კარგად ჩანს.

„მინდა დავაფიქსირო ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში, ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება თქვას, რომ ის არის ყველაზე წარმატებული, სანამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა. ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. აქედან გამომდინარე, მე როგორც რიგითი მოქალაქე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას ქვეყანაში დღეს არსებულ სიტუაციას, როდესაც ერთი გამოწვევაც დაძლეული იქნება და მეორეც. რაც შეეხება ზოგადად ნდობის საკითხს, იმ ვექტორს, რა ვექტორითაც ჩვენ ვავითარებთ საქართველოს, ამას არ სჭირდება მხოლოდ სოციოლოგიური კვლევები. ყველაზე კარგი, გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმები არის არჩევნები, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, რამდენიმე რეგიონში და შედეგი ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ. ორი დღის წინ იყო საქართველოში არჩევნები და ჩვენი გუნდის მიმართ ნდობამ, საერთო ჯამში შეადგინა 60%. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ დაგროვილია ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ ამავე დროს ვპირდებით საზოგადოებას, რომ ის გზები, რომელიც წარმოგვიდგენია ქვეყანაში ამ პრობლემების გადასაჭრელად, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, - აღნიშნა ბახტაძემ.