სოხუმში სიტუაცია დაიძაბა - დე ფაქტო პარლამენტს მომიტინგეებისგან სპეცრაზმი და „ომონი“ იცავს

სოხუმში სიტუაცია დაიძაბა - დე ფაქტო პარლამენტს მომიტინგეებისგან სპეცრაზმი და „ომონი“ იცავს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობაა, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, ისინი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ცვლილებას და ივნისის თვიდან შემოდგომაზე გადატანას ითხოვდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დე ფაქტო პარლამენტში კენჭისყრაც ჩატარდა, თუმცა ცვლილებისთვის საჭირო 24 ხმის ნაცვლად, კანონპროექტმა მხოლოდ 14 ხმა მიიღო. ე.წ არჩევნების თარიღი უცვლელი დარჩა და ის 20 ივლისს გაიმართება.

ოპოზიციური ძალების ლიდერი ასლან ბჟანია, რომელიც ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს 18 აპრილს მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ოპოზიციური ძალების ბლოკმა განაცხადა, რომ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მის კანდიდატურას წამოაყენებენ

16 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად ორგანიზმში მომატებულია ვერცხლისწყლის მაჩვენებელი, სისხლში ალუმინი, ასევე ბენზოდიაზეპინი და კადმიუმი აღმოაჩინეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი ლიდერი მოწამლეს და აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ ტერორზე საუბრობს.

დე ფაქტო პარლამენტის მიერ არჩევნების თარიღის ცვლილებაზე უარის თქმამ, შენობასთან შეკრებილ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ხელისუფლებამ შენობასთან სპეცრაზმი და „ომონის" კორდონი ჩააყენა. მოხდა ლოკალური შეტაკებებიც, რომლის ინიციატორიც ე. წ პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსი ახრა ჯოპუა იყო.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მანამდე არ დაიშლებიან ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და არჩევნების თარიღს არ შეცვლის.