“არ ვიცი სანდრა რა იარაღის აღებას აპირებს, ის რეალობას არის მოწყვეტილი”

“არ ვიცი სანდრა რა იარაღის აღებას აპირებს, ის რეალობას არის მოწყვეტილი”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ზუგდიდში არჩევნების დასრულების შემდეგ „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატის სანდრა რულოვსის მხრიდან არაადეკვატური განცხადებები გაკეთდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სანდრა რულოვსს ემჩნეოდა, რომ რეალობას იყო მოწყვეტილი.

„არ ვიცი, სანდრა რულოვსი რა იარაღის აღებას და ვისთან ჩასვლას აპირებს. მისი მხრიდან არაადეკვატური განცხადებები მოვისმინეთ. აშკარა იყო და ემჩნეოდა, რომ ეს ადამიანი რეალობას მოწყვეტილი იყო. მე დეტალებს არ ჩავუღრმავდები. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო სამეგრელოს და ზუგდიდის მოსახლეობას, რომ მათ გააკეთეს სწორი არჩევანი და ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ პრობლემებს, რომელიც პირველ რიგში მათ და ზუგდიდს აწუხებს. ეს ყველაფერი მოგვარებადი და გაკეთებადია ამას ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის გეგმას აქციების გამართვასთან დაკავშირებით, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია და კანონის ფარგლებში ამის უფლება ყველას აქვს.

სანდრა რულოვსმა გუშინ განაცხადა, რომ მზად არის, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აიღოს იარაღი ხელში და ეს არის ხალხის ძალა.