NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90 %-ს, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90 %-ს, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90 %-ს, 2017 წლის გაზაფხულის - ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპის ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია.

შესაბამის შეკითხვაზე: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების, 2017 წლის გაზაფხულის შემდეგ გიმოგზაურიათ თუ არა ევროპის ე.წ. შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში? - რესპონდენტთა 90 %-მა უარყოფითი პასუხი გასცა, 5 %-მა განაცხადა, რომ იმოგზაურა ერთხელ, 3 %-ის თქმით, იმოგზაურა რამდენჯერმე, 2 %-მა კი აღნიშნა, რომ არ იცის.

რაც შეეხება შეკითხვას, 1991 წლიდან დღემდე, გიცხოვრიათ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს საზღვარგარეთ სულ ცოტა სამი თვის მანძილზე? - გამოკითხულთა 73 %-მა აღნიშნა, რომ არ უცხოვრია, 25 %-ის თქმით, უცხოვრია, 1 %-მა არ იცის, ასევე 1 % კი პასუხზე უარს აცხადებს.

ამასთან, იმ რესპონდენტების 33 %, რომელთაც 1991 წლის შემდეგ საზღვარგარეთ უცხოვრია, აცხადებს, რომ ცხოვრობდა ევროპაში; 31 % ამბობს, რომ რუსეთში; 20 % - თურქეთში; 15 % - ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში; 3 % - აშშ-ში; 1 % - ახლო აღმოსავლეთში; ასევე 1 % - აზია, 9 % - სხვა ქვეყნებში.

კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.