„რაიონებში დაიწყება პოლიტიკური პროცესების გადალაგება“

„რაიონებში დაიწყება პოლიტიკური პროცესების გადალაგება“

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი არასტაბილური ვითარების განცდას ქმნის და ჯერ არშემდგარ არჩევნებს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რაც ცუდია, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის და რაც მთავარია, ქვეყნისთვის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანი არჩევნები ჩატარებას.

for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ცემა, გინება და ურთიერთ ბრალდებაეს ქართული არჩევნებისთვის უცხო ნამდვილად არ არის, მით უმეტეს ზუგდიდში. თავდასხმა მოხდა სანდრა რულოვსზე, ყოფილი პატიმრების ჩართვა საარჩევნო პროცესში, ასეთი მეთოდით არჩევნების წარმათვა რამდენად აზინებს ქვეყნის იმიჯს?

ვახტანგ ძაბირაძე: გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი იყო თუ არა „ოცნების“ მხარდამჭერი, მაგრამ ფაქტი, რაც ყველამ ვნახეთ, იყო მძიმე. იმ ადამიანების იდენტფიცირება, რომლებიც მივარდნენ და უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ, პრობლემას არ წარმოადგენს.

ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, თუ დღეს ხელისუფლება სამართლებრივად არ იმოქმედებს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად მიდის იმაზე, რომ 19 მაისს დაპირისპირება იყოს არა მარტო ზუგდიდში, არამედ ყველგან. რა თქმა უნდა, უფრო მტკივნეულია ორი რაიონი – ზუგდიდი და მარნეული, ვიდრე დანარჩენი. ამიტომ ხელისუფლებამ სამაგალითოდ, კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ასეთ პროვოცირებაზე მიდის.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება გადავიდა რეპრესიებზე, არა რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, არამედ მოსახლეობის წინააღმდეგ. თუ არ მოხდა დამნაშავეების დასჯა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მწვანე აუნთო არასტაბილური გარემოს შექმნას. ეს არასტაბილური გარემო არ დაიწყება და არ დამთავრდება 19 მაისს. არამედ დაიწყება 19 მაისს და გაგრძელდება არავინ იცის როდემდე. ქვეყანა წავა არასტაბილური გარემოსაკენ.

ხელისუფლებას ეშინია ზუგდიდში არჩევნების წაგებით, იმ თვალსაზრისით, რომ სანდრა რულოვსის გამარჯვება ასოცირდება სააკაშვილის გამარჯვებასთან?

– რეალურად ეს ასეა. რულოვსი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ფიგურას. მოსახლეობა და ამომრჩეველი აღიქვამს, როგორც სააკაშვილს, რაც რეალურია. რა თქმა უნდა, სანდრას გამარჯვება პირდაპირ ნიშნავს სააკაშვილის გამარჯვებას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ მეთოდებით იბრძოლო, რაც ზუგდიდში ვნახეთ. ამ მეთოდებით ბრძოლა გამარჯვებას არ უზრუნველყოფს, უზრუნველყოფს დესტაბილიზაციას.

მესმის ხელისულების, ის ძალიან ცუდ ვითარებაშია, რადგან დღეს ამომრჩეველი მხარს არ უჭერს და ამის მიზეზი „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი არ უნდა ეძებოს, არამედ მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს. „ნაციონალური მოძრაობა“ რაც არის ყველამ ვიცით, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე ისე, რომ ხალხს დაავიწყო რა იყო „ნაციონალური მოძრაობა“, აი, ეს არის პრობლემა.

ერთია ზუგდიდი და მარნეული, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მთაწმინდა, აქ ოპოზიციის გამარჯვება ნიშანია იმისა, რომ 2020 წელს მმართველ გუნდს გაუჭირდება რეგიონებში არჩევნების მოგება?

– „ქართული ოცნებისთვის“ 2020 წლის არჩევნები ყველა ვარიანტში მძიმე იქნება. თქვენ სწორად გამოყავით სამივე მნიშვნელოვანი რაიონი, სხვადასხვა პარამეტრით, მაგრამ ნებისმიერ სხვა რაიონში წაგება „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ძალიან რთულად გადასატანი იმიტომ, რომ ოპოზიცია ამას გამოიყენებს ისევ ხელისუფლების წინააღმდეგ. აპრიორი, რომ ხელისუფლებას წაგებული აქვს 2020 წლის არჩევნები, ეს ფაქტია, მაგრამ ამას შეიძლება მოჰყვეს ზვავისებური ეფექტი.

ზვავისებურ ეფექტში რას გულისხმობთ?

– რაიონებში დაიწყება პოლიტიკური პროცესების გადალაგება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. ხელისუფლება რთულ ვითარებაშია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მცირე უპირატესობა მაინც აქვს. ის არის ხელისუფლება, მეტად შეუძლია ამორჩევლის მობილიზება.

აქვსქართულ ოცნებასიმის რესურსი, რომ შეძლოს ამომრჩევლის მობილიზება?

– რა თქმა უნდა, შეუძლია. ეს აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა. ამიტომ ამომრჩევლის მობილიზების რესურსი ხელისუფლებაში არის. მაგრამ თუ პროცესი ასე წავიდა, 2020 წლისთვის შეძლებს თუ არა ამომრჩევლის მობილიზებას, ეს უკვე ცალკე თემაა. ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამომრჩეველი თავისკენ მოაბრუნოს, ან ნეიტრალური მაინც გახადოს. თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, რთული ვითარება შეიქმნება.

რამდენად არსებობს მეორე ტურის ალბათობა? თქვენი კოლეგები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ცხელი წერტილი შეიძლება იყოს ზუგდიდი, მარნეული და მთაწმინდის საარჩევნო ოლქში...

– დიდი შანსია, რომ მეორე ტური ჩატარდეს ყველგან. როგორც ხელისუფელბას, ასევე ოპოზიციას გაუჭირდება პირველ ტურში. არ ვიცი რეგიონებში რა განწყობაა კანდიდატებთან მიმართებაში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან რამდენიმე კანდიდატია, ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მეორე ტური ყველგან იქნება. რაც შეეხება ცხელ წერტილებს, რამდენად სტაბილურად ჩატარდება არჩევნები, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ სანდრა რულოვსზე განხორციელებულ თავდასხმას არ მიეცა შეფასება, არამარტო პოლიტიკური და საზოგადოებრივი, არამედ სამართლებრივი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება სტაბილურობისთვის კი არ იბრძვის, არამედ - პირიქით. მაშინ ცხელი წერტილები გარდაუვალია, არა მარტო ზუგდიდში, არამედ ყველგან.